საფრანგეთის ეროვნული ავიაკომპანია Air France საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ანახლებს. როგორც საქართველოში Air France-ს გენერალური აგენტი, კომპანია APG Georgia-ში განმარტავენ, ავიაკომპანია სეზონურ ფრენებს პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 1-ლი აგვისტოდან შეასრულებს. Air France პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. ავიაკომპანიის გეგმა აქტიური იქნება 22 ოქტომბრის ჩათვლით. 

აღსანიშნავია, რომ საქართველომ საფრანგეთს და კიდევ 4 ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. საფრანგეთის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში ჩამოსვლა ყველა სახის ვიზიტით მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ აღსანიშნავია, რომ Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა.

COVID-19-ის პანდემიამდე Air France ფრენებს 170 მიმართულებით ახორციელებდა. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა.

Air France მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.