ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123% – ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივლისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 189 166 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის ივლისი 84 728 – მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის ივლისში 267 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 94% გაიზარდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ივლისში 517 რეისს მოემსახურა.
პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა არის 7 თვის ჭრილშიც. წელს, იანვარი – ივლისის პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 856 646 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2019 წლის პერიოდს 90 %-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა 7 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2590 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 76 %-ით მეტია.
2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულება დაამატა.
2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.