2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს აეროპორტებიდან ყველაზე მეტი აფრენა/დაფრენა 5 ივლისს განხორციელდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში AviaNews-ს განუმარტეს, რომ სიხშირეების რაოდენობის მიხედვით, იანვარ-ივლისში ყველაზე აქტიური დღე იყო 5 ივლისი. აღნიშნულ დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 98 რეისი განხორციელდა ანუ ყოველ ერთ საათში საშუალოდ 3 რეისი განხორციელდა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 5 ივლისის აეროპორტებიდან განხორციელებული ავიარეისების პროცენტული გადანაწილება ასეთია:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 66 რეისი – 68%.

ბათუმი საერთაშორისო აეროპორტი – 23 რეისი – 23%.

ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტი – 9 რეისი – 9%.

ირკვევა, რომ ამ 5 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან ყველაზე მეტი ავიარეისი Georgian Airways-მა შეასრულა.“ყველაზე მეტი რეისი 5 ივლისს ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა შეასრულა (16 რეისი, მათ შორის თბილისიდან – 12, ხოლო ბათუმიდან – 4 )”, აცხადებენ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისში საქართველოს აეროპორტებში სულ 2504 რეისი განხორციელდა, რაც მცირედით ჩამორჩება 2018 წლის ივლისში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებულ რეისებს, რომელთა რაოდენობამაც 2801 რეისი შეადგინა. თუმცა ავიარეისების შემცირება თავის მხრივ რუსეთის მიერ დაწესებულ ავიასანქციებს უკავშირდება, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.