26-28 მაისს საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე – ITB China 2026-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. საქართველოს ეროვნულ სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც გაიმართება ბიზნესშეხვედრები, პრეზენტაციები,  ქართული კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის წარდგენა.

„ჯორჯიან თრეველ გრუპის“ დირექტორის, პაატა კვიჟინაძის შეფასებით, ჩინეთის ბაზარზე პოზიციების გაძლიერება ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„ჩინეთის ბაზარი საკმაოდ მნიშვნელოვანი ბაზარია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამ ბაზრის რაღაც წილის აღება, მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე მთლიანად საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის.  ღონისძიებაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა ქვეყნისთვის ერთდროულად დიდი შესაძლებლობაცაა და პასუხისმგებლობაც. დარწმუნებული ვარ, ამ გამოფენის შემდეგ ჩინეთის ბაზრიდან ინტერესი საგრძნობლად გაიზრდება. ტურიზმის ადმინისტრაციამ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია, რათა საქართველო აქტიურად იქნას  წარდგენილი გამოფენაზე, ასევე, შანხაიში, მთელ ქალაქში განთავსდება საქართველოს სურათები და სარეკლამო კამპანიებიდანაც უფრო მეტი ჩინელი გაიგებს საქართველოს შესახებ”. – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.