საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, იტალიასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ ავიაკომპანიებს და იტალიის საავიაციო ხელისუფლებას უკვე ეცნობა.
“საქართველოში COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიის რესპუბლიკასთან. აღნიშნულის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებენ იტალიის მიმართულებით, აგრეთვე იტალიის საავიაციო ხელისუფლებას.
შეზღუდვა მოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე”, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ იტალიის რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის იტალია-საქართველოს შორის ფრენებს Wizz Air-ი და Ryanair-ი ასრულებდნენ, რომელთაც აღნიშნულ მიმართულებაზე სიხშირეების შემცირებაზე რამდენიმე დღის წინ განაცხადეს.