საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, გლობალურ ავიაბაზარზე სატვირთო გადაზიდვები შემცირებულია. 2020 წლის იანვარში სატვირთო გადაზიდვები წლიურ 3,3%-იან შემცირებას აჩვენებს.
IATA-ს გენერალური და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე დე ჯუნიაკის განმარტებით, იანვარი ზედიზედ მეათე თვეა, კარგოს შემცირების თვალსაზრისით. მისივე თქმით, ბაზარმა წელი სუსტი ნაბიჯებით დაიწყო.

„არსებობდა ოპტიმიზმი, რომ აშშ-ჩინეთს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობის შემსუბუქება, სექტორს ზრდის სტიმულს მისცემდა 2020 წელს, თუმცა ამას დაერთო COVID-19, რომელმაც სერიოზულად შეაფერხა გლობალური მიწოდების ჯაჭვი. მიუხედავად ამისა, მას არ ჰქონია მნიშვნელოვანი გავლენა იანვრის სატვირთო გადაზიდვებზე. მძიმე დრო წინაა. მომავალი მოვლენების კურსი გაურკვეველია, მაგრამ ეს ის სფეროა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი გამძლეობა”- აღნიშნავს ალექსანდრე დე ჯუნიაკი. 


ტვირთის მოცულობა, რომელიც იზომება ტონა კილომეტრებში (ACTKs), იანვარში წლიურად გაზრდილია 0,9% -ით. 
ნაკლებად სავარაუდოა, რომ იანვრის სუსტი მაჩვენებლები COVID-19-ის განვითარებასთან იყოს კავშირში. IATA აღნიშნავს, რომ თებერვალი უკეთეს წარმოდგენას შექმნის იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენს COVID-19 გლობალურ საჰაერო ტვირთებზე.