ისრაელის Israir Group-ი, რომელიც ფლობს ავიაკომპანია Israir Airlines-ს, ევროპული ავიაკომპანიის შესაძენად 20-დან 30 მლნ-მდე ევროს ტენდერში მონაწილეობს, – აღნიშნულია Israir Group-ის განცხადებაში საფონდო ბირჟაზე.

უსახელო ავიაკომპანიის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მას მოქმედი ევროპული ოპერატორის სერტიფიკატი აქვს. ეს კი ხსნის Israir Airlines-ის დაინტერესებას, რადგანაც ევროპულ სერტიფიკატს უფრო მეტი სარგებელი აქვს ვიდრე ისრაელის, მათ შორის სლოტებზე უფრო დიდი წვდომის მიმართულებით. ასევე იძლევა შაბათობით ფრენის შესაძლებლობებს და ნაკლებად დამოკიდებულებას ისრაელის უსაფრთხოების სამსახურზე.

აღსანიშნავია, რომ ივლისში Israir Group-მა მიიღო 25 მილიონი შეკელი (7,3 მილიონი აშშ დოლარი) საწყისი საჯარო შეთავაზებიდან. ავიაკომპანიის მარშრუტების ქსელში დომინირებს საკურორტო მიმართულებები.

Israir Airlines-ის კონკურენტები Arkia და ეროვნული ავიაკომპანია El Al Israel Airlines თებერვლიდან გეგმავენ შერწყმას, რომლის პროცესი ჯერ კიდევ „დამუხრუჭებულია“ – მოლაპარაკებების ექსკლუზიურობის 90-დღიანი ვადა უკვე ამოიწურა.

El Al ადრე ცდილობდა Israir Airlines-თან შერწყმას, მაგრამ გარიგება მარეგულირებელმა არ დაამტკიცა.