ისრაელის მთავრობამ ხმაურის და ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით Boeing 747-ისა და მსგავსი ოთხძრავიანი თვითმფრინავების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

ფრენების აკრძალვა ძალაში 2023 წლის 31 მარტიდან შევა. ოთხძრავიანი თვითმფრინავის ექსპლუატაცია გამონაკლის შემთხვევებში დაიშვება მხოლოდ სპეციალური ნებართვით.

როგორც გარემოს გასაუმჯობესებლად შემუშავებული გეგმის ნაწილი, ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ უკვე აცნობეს ავიაკომპანიებს, რომ 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ვერ შეძლებდნენ დიდი თვითმფრინავების დაშვებას თელ-ავივის მახლობლად მდებარე ბენ გურიონის აეროპორტში.

შეზღუდვა ძირითადად ეხება სატვირთო თვითმფრინავებს, რადგან გადამზიდავების უმეტესობამ შეწყვიტა Boeing 747-ების და სხვა ოთხძრავიანი თვითმფრინავების გამოყენება ისრაელის მიმართულებით.

ისრაელის ავიაკომპანია El Al-მ უკვე ექსპლუატაციიდან მოხსნა თავისი Boeing 747 ფლოტი და შორეულ მარშრუტებზე ორძრავიან Boeing 777-ებსა და Boeing 787-ებს იყენებს.