თბილისს რამდენიმე წელში ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგა პროექტის განხორციელების შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

“დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა დაახლოებით 4-4,5 მილიონი მგზავრია. ჩვენ გვაქვს დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში და მომავალშიც მოსალოდნელია ვიზიტორების სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი გულისხმობდა ძველი აეროპორტის გაფართოებას, მეორე ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი დაახლოებით 900 მილიონი დოლარი იყო, ახლის აშენების ფასი კი დაახლოებით 1,26 მილიარდი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახლის მშენებლობას, ის გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას შემდგომი გაფართოების პერსპექტივით“,- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი აეროპორტი იქნება უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში.

„მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდგომ რამდენიმე წელში ქვეყანას ექნება, ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ამ გადაწყვეტილებას ექნება სერიოზული ეკონომიკური ეფექტი. ჩვენი გათვლებით 0,2%-ული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად საშუალად 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.