შეიცვალა საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები

იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს  განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:

ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას;

ბ)  თუ პირი ვერ წარმოადგენს PCR ტესტს, დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინე სივრცეში გადაყვანას;

იგივე წესი მოქმედებს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირების მიმართ, როდესაც ისინი ამავე ქვეყნებიდან საჰაერო გზით მოემგზავრებიან:

  1. ესპანეთის სამეფო
  2. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
  3. ნიდერლანდების სამეფო
  4. პოლონეთის რესპუბლიკა
  5. პორტუგალიის რესპუბლიკა
  6. რუმინეთი
  7. საბერძნეთის რესპუბლიკა
  8. შვედეთის სამეფო
  9. ხორვატიის რესპუბლიკა
  10. იტალიის რესპუბლიკა
  11. კვიპროსის რესპუბლიკა
  12. სლოვენიის რესპუბლიკა
  13. ისლანდიის რესპუბლიკა

ყურადღება! აღნიშნული წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით. დეტალური ინფორმაცია უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/193

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

ა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები – მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ლატვიის რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის და ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან. 

მათ სასაზღვრო პუნექტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში შესვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

აღნიშნული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს, თუ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში, რომლის შევსებაც გამომგზავრებამდე უნდა მოხდეს, ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ევროკავშირის 5 ქვეყნის* გარეთ მოგზაურობა, ან ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.

*გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი.

გარდა ზემოთ მითითებული კატეგორიებისა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები;

ბ) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრები, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა (პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით);

გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა.შ.);

დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები;

ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;

ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები;

ზ) ოფიციალური დელეგაციების წევრები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;

თ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლები, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალი, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის  ეკიპაჟის წევრები.