საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული პირები საქართველოს  ტერიტორიაზე დაიშვებიან უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და დარგობრივი უწყებიდან თანხმობის მიღების შემდეგ.

რეგისტრაციის ფორმა საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამომსვლელთათვის განთავსებულია შემდეგ ბმულზე: აქ.

საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ შესაბამისი დარგობრივი უწყებები (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ დაინტერესებულ მხარეს.

შესაბამისი საჯარო დაწესებულება, ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსულ პირებზე თანხმობის გაცემის შემთხვევაში ასევე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ვიზიტორისათვის PCR  ტესტირების/კვლევების ჩატარების შესახებ;

ბ) ვიზიტორის კარანტინში განთავსების შესახებ.

ის უცხოელი ვიზიტორი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ხსენებული მოთხოვნების შესაბამისად,  ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება და ტესტირების პასუხის მიღებამდე განთავსდეს 24 სთ-ით კარანტინში საკუთარი ხარჯით, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უწყების გადაწყვეტილების შესაბამისად:

ა)  მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა; ან

ბ) საკუთარი ხარჯით განთავსდეს 8-დღიან კარანტინში და საკარანტინე სივრცის დატოვებისას აგრეთვე მე-12 დღეს ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR კვლევა.

დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ხსენებული რეგულაციები არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე. აღნიშნული პირები  ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას თან იქონიონ უკანასკნელი 72 სთ-ის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.