საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით ინფო ტურებს აგრძელებს. ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეწვივნენ. ტურში გიდები, ტურ-ოპერატორები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ბლოგერები მონაწილეობდნენ.
ინფო ტურის ფარგლებში მონაწილეებმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე რაჩხის ჩანჩქერი და საირმის სვეტები მოინახულეს. რეგიონის სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალურად მათთვის ღვირიშის ჩანჩქერზე- კანიონინგი, მდინარე რიონზე კი ჯომარდომა გაიმართა. რაც შეეხება ღვინის ტურიზმის მიმართულებას, სოფელ ქორენიში ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის რთველი და ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
ცაგერის შემდეგ ტურის მონაწილეები ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ, დაათვალიერეს კურორტი მუაში და სოფელს საშაში ახლად გახსნილ საოჯახო სასტუმროს ეწვივნენ.
ტურ-ოპერატორების განცხადებით, ყველა ლოკაცია, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციამ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეარჩია სამომავლოდ მათ მიერ დაგეგმილ და ტურისტებისთვის შეთავაზებულ მარშრუტებში მოხვდება.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტურ-ოპერატორები და გიდები „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, “GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.
ინფო ტურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.