ინდონეზიელ პილოტებს ფრენის დროს ჩაეძინათ. როგორც The Guardian-ი წერს, პილოტებს ჩაეძინათ და თითქმის 30 წუთის განმავლობაში შეტყობინებებს არ პასუხობდნენ.
ირკვევა, რომ ავიაკომპანია Batik Air-ის თვითმფრინავის კაპიტანსა და მეორე პილოტს, რომელიც ასრულებდა რეისს სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესიდან ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას მიმართულებით, ერთდროულად ეძინათ დაახლოებით 28 წუთის განმავლობაში.
აღნიშნულმა ინციდენტმა ნავიგაციის რამდენიმე შეცდომა გამოიწვია, მაგრამ Airbus A320-ის 153 მგზავრი და ოთხი ბორტგამცილებელი არ დაშავებულა. ფრენის საერთო ხანგრძლივობა კი 2 საათი და 35 წუთი იყო.
საჰაერო ტრანსპორტის გენერალურმა დირექტორმა მარია კრისტი ენდჰ მურნიმ განაცხადა, რომ ტრანსპორტის სამინისტრო Batik Air-ს მომხდარის გამო „სასტიკად საყვედურობს“.
მან მოუწოდა ავიაკომპანიას მეტი ყურადღება დაეთმოს ეკიპაჟის დასვენების დროს.
„ჩვენ ჩავატარებთ გამოძიებას და განვიხილავთ ინდონეზიაში ღამის ფრენას Batik Air-ისა და ყველა ფრენის ოპერატორისთვის დაღლილობის რისკის მართვასთან დაკავშირებით“, – თქვა კრისტი ენდჰ მურნიმ.