ჩანაქალე – ეს არის თურქეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვაში, რომელიც ვიზიტორებს საოცარ მოგზაურობას ჰპირდება. ჩანაქალე ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით. ეს უძველესი ქალაქი, რომელიც ასახავს მრავალ ლეგენდას, ამავდროულად ბევრი არქეოლოგიური და კულტურული ძეგლის ადგილსამყოფელია. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისტორიული ადგილები, როგორიც არის მაგალითად, ტროას ნანგრევები, რომელიც 1998 წლიდან არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში და ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი უძველეს ისტორიულ ქალაქად. იგი ასევე არის ენეასის მარშრუტის საწყისი წერტილი, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ იქნა პირველ კულტურულ მარშრუტად თურქეთში. აღნიშნული მარშრუტი აერთიანებს ულამაზეს ბუნებას, საოცარ ხედებსა და სხვადასხვა არქეოლოგიურ ადგილს, რომლებიც იუნესკოს სიაში არიან შეტანილნი. საბოლოოდ, ენეასის მარშრუტი ტურისტს ხანგრძლივ და საინტერესო კულტურულ თავგადასავალს ჰპირდება.
ენეასის ლეგენდა
ენეასის ლეგენდა ასახავს ენეასის კულტურულ გზას, რომელიც მოთხრობილია პოეტ ვირგილიუსის მიერ. ვერგილიუსის „ენეიდა“ მოგვითხრობს ენეასის, ტროას მთავრის შვილისა და სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს შესახებ. ლეგენდის თანახმად, ტროას დაცემის შემდეგ გმირმა ენეასმა და მისმა ახლობლებმა ბერძნებისგან თავი გაქცევით დააღწიეს. ისინი დასხდნენ გემზე და გაცურეს ბედის საძიებლად ეტრურიისკენ. იგი ჯერ მაკედონიაში გაჩერდა, შემდეგ სიცილიაში და ბოლოს დაბინავდა ლავრენტიუმში. მათ ჯერ კონფლიქტი მოუვიდათ ადგილობრივ მეფე ლათინუსთან, შემდეგ კი ზოგი ვერსიით ენეასმა დაამარცხა ლათინი და ისინი დანათესავდ ნენ, ხოლო სხვა ვერსიით კი ბრძოლის დაწყების წინ ლათინი წინ გამოვიდა და გამოჰკითხა ჩამოსულებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან, როდესაც შეიტყო მათი ამბავი, გადაწყვიტა დამეგობრება. მეგობრობის ნიშნად კი მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი ენეასს. ამის შემდეგ ტროადან წამოსულებმა დააარსეს ქალაქი, რომელსაც ენეასის ცოლის პატივსაცემად ლავინიუმი დაარქვეს. მალე ენეასს შეეძინა ვაჟი ასკანიუსი.
ლათინუსი მალე დაიღუპა რუტულების მეფე ტურნუსთან ბრძოლაში, რის შემდეგაც დამარცხებულმა რუტულებმა დახმარება ეტრუსკულ ქალაქ ცერეს მეფეს სთხოვეს. ეტრუსკებს აღელვებდათ ახალი სახელმწიფოს შექმნა და მას თავისი უსაფრთოებისთვის სახიფათოდ მიიჩნევდნენ, ამიტომ დათანხმდნენ კავშირზე. ენეასმა კი ასეთი განსაცდელის წინაშე გააერთიანა თავისი ერი აბორიგენებთან და ორივე ერს უწოდა ლათინები. ლათინების და ეტრუსკების ბრძოლაში ლათინებმა გაიმარჯვეს, ხოლო ენეასი დაიღუპა და დაკრძალეს მდინარე ნუმიკთან. დღეს კი ტროას გმირი ენეასი რჩება ევროპული იდენტობის სიმბოლოდ.
ენეასის მარშრუტი მოიცავს ხუთ ქვეყანას
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამამ მუშაობა დაიწყო 1987 წელს, რის მიზანიცაა აჩვენოს მსოფლიოს, თუ როგორ უწყობს ხელს იგი საერთო კულტურული მემკვიდრეობების შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული სინამდვილის წარმოჩენისთვის. ენეასის კულტურული მარშრუტი, სადაც ზემოაღნიშნულმა მითოლოგიურმა გმირმა რთული გზა გაიარა საუკუნეების წინ, მოიცავს ხმელთაშუა ზღვის 5 ქვეყანას. იგი იწყება თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ეგეოსის ზღვის სანაპიროდან და გრძელდება იტალიის ლატიუმის სანაპირომდე. მარშრუტი ასევე მოიცავს, იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეყვანილ ექვს ადგილს: ტროას, ბუტრინტს, დელოსს, ვულკან ეტნას, კართაგენსა და იტალიის სილენტოს სანაპიროს.
ენეასის მარშრუტი გადის ჩანაქალეს, ბალიქესირისა და ედირნეს პროვინციებზე; ის ერთმანეთთან აკავშირებს ალბანეთს, საბერძნეთს, ტუნისს და იტალიას. მარშრუტზეა უძველესი ქალაქი აინოსიც, სადაც ენეასმა დაიწყო ახალი ტროას მშენებლობა.