2018 წლის ბოლომდე Myway Airlines-ი ევროპაში 5 მიმართულებით იფრენს. 4 მიმართულება ამ დროისათვის გასაიდუმლოებულია, თუმცა ხუთიდან ერთ-ერთი – ბუდაპეშტის მიმართულება უკვე საჯაროა.
როგორც AviaNews-ს ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა განუცხადა, საქართველოში ბუდაპეშტის, როგორც ტურისტული მიმართულების მიმზიდველობა მზარდია და ამ ფონზე Myway Airlines-მა სწორედ ბუდაპეშტის მიმართულებით გადაწყვიტა რეისების განხორციელება.
„მიმდინარე წლის ბოლომდე ევროპაში 5 მიმართულებით ვიფრენთ. თუმცა ჩვენი პირველი ევროპული მიმართულება ბუდაპეშტი იქნება. დარჩენილ 4 მიმართულებას ჯერ-ჯერობით ვერ დავასახელებ.
რატომ ბუდაპეშტი? ბუდაპეშტი ჩვენი ავიაკომპანიისთვის პირველი ევროპული მიმართულება იქნება, ასევე ბუდაპეშტი იქნება პირველი პირდაპირი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. თბილისსა და ბუდაპეშტს შორის, არასოდეს რეგულარული, პირდაპირი ავიარეისები არ ხორციელდებოდა.
ბუდაპეშტის მიმართულებით საქართველოდან პირდაპირი ავიარეისები მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ბუდაპეშტი ჩვენთვის თანდათან უფრო მიმზიდველი მიმართულება ხდება. გასულ წლებს თუ შევადარებთ, მაშინ პოპულარულ მიმართულებად ითვლებოდა კიევი და მოსკოვი. დღეს ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ბუდაპეშტი, თუნდაც სტუდენტებისთვის, ახალგაზრდები ხშირად ჩადიან შაბათ-კვირის გასატარებლად, ბუდაპეშტი ქორწილების გადახდის მიმართულებითაც პოპულარული ადგილი გახდა.
ბუდაპეშტის მიმართულება პირველად Wizz Air-მა „გახსნა“ და სიიაფის მხრივაც გახდა ძალიან პოპულარული მიმართულება. ამ ქალაქში სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით ფასებიც დაბალია. ნათელია, რომ ამ მიმართულებაზე დატვირთულობა მზარდია და ამ ფონზე გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულება“, აცხადებს იგორ აფციაური.
Myway Airlines-ის კომერციული დირექტორის თქმით, ის ევროპული მიმართულებები, სადაც ავიაკომპანია ოპერირებას გეგმავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამიზნე ბაზრებიდან შეირჩა.
„მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გაქვს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ჩვენ ჩვენი გათვლებიც გაქვს, მაგრამ მიმართულებების დაგეგმვისას აქტიურად ვითვალისწინებთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხედვებსა და რჩევებს“, აცხადებს აფციაური.
აღსანიშნავია, რომ Myway Airlines-ის ავიაპარკი ამ დროისათვის 2 ბორტს აერთიანებს. მესამე ბორტს ავიაკომპანიაში 2019 წლის მარტისათვის ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ MyWay Airlines-ი თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი რეისების განახორციელებას 28 ოქტომბრიდან შეუდგება. რეისები კვირაში სამი სიხშირით, სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულება.