11-12 აპრილს, პარიზში ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფის (IE-REST) სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაონსო მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დავით ჭეიშვილი აირჩიეს.

IE-REST წარმოადგენს ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს (Safety Enhancement Initiatives) შემდეგი მიმართულებებით: საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემა და პროგრამა, ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვა, საავიაციო მოვლენათა შეტყობინებები და მონაცემთა ანალიზი, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოება, მიზნობრივი სწავლებები და სხვა. ჯგუფის მიზანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დანერგვა და რეგულირება ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც არ ექცევიან ევროკომისიის და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) რეგულირების ჩარჩოში. რეგიონის საავიაციო ხელისუფლებებთან ერთად, ჯგუფის მუშაობაში ჩართულები არიან ექსპერტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (IATA; EUROCONTROL; IFALPA), მწარმოებელი კომპანიებიდან (AIRBUS; BOEING), პარტნიორი საავიაციო ხელისუფლებებიდან (FAA) და ა.შ.

სამუშაო შეხვედრა, რომელიც სააგენტოს წარმომადგენლის ხელმძღვანელობით წარიმართა, რეგიონში იდენტიფიცირებული უსაფრთხოების რისკების, შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანალიზს და ICAO-ს მომიჯნავე სამუშაო ჯგუფებთან თანამშრომლობის საკითხების განხილვას დაეთმო.

ICAO IE-REST ჯგუფის საქმიანობაში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად არის ჩართული. სააგენტოს სპეციალისტები ისეთ საკითხებზე მუშაობენ, როგორიცაა საავიაციო მოვლენათა შეტყობინება, საავიაციო უსაფრთხოების მართვის სისტემა, ფრენის პროცედურების დიზაინის და კარტოგრაფიის ინსპექტორებისთვის სასწავლო პროგრამის შემუშავება.