საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) საავიაციო ინდუსტრიის გადატვირთვის მიზნით თავის კამპანიას აგრძელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს, კიდევ უფრო შეამსუბუქონ სამოგზაურო შეზღუდვები, რადგან COVID-19 პანდემიიდან ენდემურ მდგომარეობაში გადადის. IATA-ს სურს, რომ მოგზაურობის ყველა ბარიერი (კარანტინისა და ტესტირების ჩათვლით) სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის მოიხსნას.

IATA-ს აღმასრულებელი დირექტორი უილი უოლში განმარტავს, რომ ომიკრონის შტამზე დაკვირვებისა და არსებული გამოცდილების წყალობით ქვეყნებში მოგზაურობაზე ხელახალი შეზღუდვების დაწესება აღარ განიხილება.

”დღეს ომიკრონი წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა კუთხეში. სწორედ ამიტომ, მოგზაურობა, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, არ ზრდის რისკს ფართო მოსახლეობისთვის. მოგზაურთა ტესტირებაზე დახარჯული მილიარდები უფრო ეფექტური იქნება, თუ მიმართული იქნება ვაქცინების ეფექტურ გადანაწილებაზე”, – განმარტავს უოლში.