საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც  საჰაერო მგზავრობისას COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში მოგზაურობის შიშები შეისწავლეს. გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ თვითმფრინავის სალონში COVID-19-ით ინფიცირების ეშინია.

IATA-ს მიერ გამოკითხული მგზავრების 59%-ი აეროპორტიდან თვითმფრინავამდე ტრანსფერით, ანუ ავტობუსში მგზავრების რაოდენობით არიან უკმაყოფილო. ხოლო 42%-ს რეგისტრაციისას და სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს დაინფიცირების ეშინია. 38%-ს კი თვითმფრინავსა და აეროპორტში დეზინფექციის ხარისხი აეჭვებს. მგზავრთა 65%-ის ეშინია, რომ თვითმფრინავში ინფიცირებული ადამიანის გვერდით მოხვდება. 37%-ის კი თვითმფრინავის ჰაერის ფილტრების ეფექტიანობა აეჭვებს.
გამოკითხვისას მგზავრებს სთხოვეს, დაესახელებინათ COVID-19-თან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა. 37%-მა თქვა, რომ ინფეცქიის გამოვლენის და მისი გავრცელების აღკვეთის საუკეთესო გზა აეროპორტში ტესტირებაა. 34%-ის აზრით კი COVID-19-თან საბრძოლველად პირბადე საკმარისია. სოციალურ დისტანციას კი უპირატესობა გამოკითხული მგზავრების 33%-მა მიანიჭა. 43%-ი კი მიიჩნევს, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის აეროპორტში თერმოსქრინინგიც საკმარისია. კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის შემდეგ მგზავრთა 40%-ი უპირატესობას ონლაინ რეგისტრაციას ანიჭებს. 39%-ი აეროპორტში ტესტს იტარებს, ხოლო 38%-ი თვითმფრინავის ბორტზე სავარძელში ჩაჯდომამდე საკუთარი ძალებით მის დეზინფექციას ახდენს.

გამოკითხულთა 58%-მა აღიარა, რომ გარკვეულ პერიოდში საჰაერო გზით გადაადგილებაზე უარი მკაცრი რეგულაციების გამო თქვა. 33%-ი კი ფიქრობს, რომ მშვიდ მოგზაურობას ვერც უახლოეს პერიოდში ვერ შეძლებს.

”ხალხი აშკარად შეშფოთებულია COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საჰაერო მოგზაურობით, მაგრამ ამავე დროს, ისინი მზად არიან მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება,” – განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჟუნიაკმა.