ავიაკომპანიებისთვის ეკოგადასახადი, რომლის დაწესება საფრანგეთში გადაწყდა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში განიხილება, საავიაციო ინდუსტრიის ქცევას ვერ შეცვლის და ისევ მგზავრებს დააწვება კისერზე, მიიჩნევს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ხელმძღვანელი ალექსანდრ დე ჟიუნიაკი.

“ჩვენ მსგავს გადასახადს მხარს არ ვუჭერთ. უპირველეს ყოვლისა, გადასახადები ვერასდროს სერიოზულად ვერ ცვლის მომხმარებლისა და მწარმოებლის ქცევას. იცვლება მხოლოდ სხვა ფაქტორები – მარეგულირებელი შეზღუდვები, მდგომარეობა ბაზარზე, მაგრამ არა თავად გადასახადები. მეორეც, გადასახადი ისევ მგზავრებს დააწვება, რადგანაც გაიზრდება ავიაბილეთების ღირებულება”, განაცხადა IATA-ს ხელმძღვანელმა.

ივლისის დასაწყისში, საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ 2020 წლიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა რეისზე დაწესებული იქნება “ავიატრანსპორტზე ეკოგადასახადი“, რომელიც დამოკიდებული იქნება ფრენის ხანგრძლივობაზე და კლასზე.

ეკოგადასახადი გავრცელდება ყველა კომპანიაზე. შიდა და შიდაევროპულ ფრენებზე ეკონომ კლასის შემთხვევაში ის 1.50 ევროს შეადგენს, ხოლო ბიზნეს კლასის შემთხვევაში კი 9 ევროს. ხოლო ევროკავშირის მიღმა რეისებზე გადასახადი ეკონომ კლასის შემთხვევაში 3 ევრომდეა, ხოლო ბიზნეს კლასზე – 18 ევრო.

ეკოგადასახადი ავიაკომპანიების მხრიდან გარემოზე ზიანის მიყენების მაკომპენსირებელ მექანიზმად არის მიჩნეული, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გამოყოფის შემცირებას. ანალოგიური გადასახადის დაწესებას განიხილავს აშშ და დიდი ბრიტანეთი.