2021 წლის იანვარში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი თურქული კომპანია Turkish Cargo-ა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის იანვარში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo 376,3 ტონა ტვირთს მოემსახურა.

საჰაერო ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით იანვარში 342,4 ტონა ტვირთი გაატარა.  

საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა ასევე Cargolux-ი, რომელიც იანვარში 187,6 ტონა ტვირთს მოემსახურა.

მაშ ასე, საქართველოს ავიაბაზარზე საჰაერო ტვირთების ბაზრის TOP-3-ის რეიტინგი ასეთია:

Turkish Cargo

Easy Charter

Cargolux

აღსანიშნავია, რომ საჰაერო გზით გატარებული ტვირთებიდან ექსპორტის მხრივ ყველაზე მეტ ტვირთს Easy Charter-ი (342,4 ტონა) მოემსახურა, ხოლო იმპორტის მხრივ Turkish Cargo (315 ტონა).

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 195 894 ტონა შეადგინა, 2020 წლის იანვარში კი 1 131 749 ტონა. შესაბამისად ტვირთბრუნვა 5,67%-ითაა გაზრდილი.

2021 წელის იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებული ტვირთნაკადი 20,27%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვარის მაჩვენებლებზე. 2019 წლის იანვარში აეროპორტმა 1 500 000 ტონა ტვირთი გაატარა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.