2022 წლის იანვარ-თებერვალში  2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 17%-ით გაიზარდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 3115,126 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-თებერვალში კი 2655,011 ტონა.

შესაბამისად ზრდა 17,33%-ია.

2022 წლის პირველ ორ თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-თებერვალში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 7,04%-ა. 2019 წლის იანვარ-თებერვალში აეროპორტი 3351,154  ტონა ტვირთს მოემსახურა.

2020 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2736,265 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 13,85%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.