ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 4,688,177  მგზავრს მოემსახურა. რაც 23% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წლის 11 თვე  – 3,808,668 მგზავრი).

ნოემბრის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოემბერში 261,209 მგზავრს მოემსახურა, რაც 39% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ნოემბერი 218,813 მგზავრი). ხოლო 11 თვეში – 3,547,553 მგზავრს მოემსახურა და ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21% შეადგინა (2017 წლის 11 თვე – 2,943,553 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2018 წლის ნოემბერში  132% გაიზარდა და 47,868 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ნოემბერი – 20,591 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  560,254  მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% მეტია (2017 წლის 11 თვე 380,552 მგზავრი).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ნოემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 24,677 მგზავრმა ისარგებლა, რაც 33% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ნოემბერი 18,553 მგზავრი). რაც შეეხება 11 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი  20%-ით გაიზარდა და 580,370 მგზავრი შეადგინა (2017 წლის 11 თვე 484,563 მგზავრი).