ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტში 100 ფრენა გაუქმდა, რათა ორშაბათს, დედოფალ ელიზაბეტ მეორის სახელმწიფო დაკრძალვისას ცა სუფთა და წყნარი იყოს. როგორც „ტელეგრაფი“ იუწყება, British Airways-მა ყოველი მეშვიდე ავიარეისი გააუქმა, რათა უზრუნველყოს მშვიდი ცა დედოფლის დაკრძალვისთვის. გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დატვირთული აეროპორტიდან ავიაკომპანია ყოველდღიურად 700-მდე ფრენას ასრულებს. დაზარალებულ მგზავრებს ბრიტანული ავიახაზები დაუკავშირდება და ფრენის გადაჯავშნას, ბილეთის გადაცვლას ან მისი საფასურის ანაზღაურებას შესთავაზებს.
British Airways-ის რეისების გაუქმება იმ ფართო ზომების ნაწილია, რომელიც მიმართულია იმის უზრუნველყოფისკენ, რომ დედოფლის დაკრძალვის ცერემონიისას დედაქალაქის ცა თვითმფრინავებით არ გადაიჩრდილოს.
„ჰითროუს“ აეროპორტში 11:40-12:10 საათამდე პერიოდში არც ერთი თვითმფრინავი არ აფრინდება და დაეშვება, რათა უზრუნველყოფილი იყოს 2-წუთიანი დუმილი დაკრძალვასთან დაკავშირებული მსახურების დასასრულს.
„ჰითროუს“ აეროპორტი თვითმფრინავებს არ მიიღებს 13:45-14:20-მდე, ვინაიდან ამ პერიოდში იმართება დედოფლის გამოსვენების ცერემონია, ხოლო აფრენა აკრძალულია 15:05-16:45-მდე, ვინაიდან პროცესია ამ დროს უინძორის ციხე-სიმაგრისკენ მიემართება.
ფრენებს ასევე შეუცვლიან მიმართულებას, რათა უინძორის ციხე-სიმაგრეში დედოფლის დასაფლავების დროს ხმაური მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.