ჩვენ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები, გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მნიშვნელობასაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა თანმიმდევრულად დგამს ფრთხილ ნაბიჯებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ხუთი პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები გაიხსნება.
„რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა საქართველო15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა, რაც ერთის მხრივ, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების, მთავრობის, ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგების დაფასებას, მაგრამ ამავე დროს, გვაკისრებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ისევე, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. ამიტომ, ჩვენ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და შედეგად, ჩვენს 5 პარტნიორ ქვეყანას, ყველანაირი პირობების გარეშე სარკისებურად დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები, და მათი მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები იქნება ღია. ეს ეხება პირდაპირ ფრენებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს მოლაპარაკებებს ყველა სხვა პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებაში განაგრძობს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მსგავს მოლაპარაკებებს ყველა ჩვენს სხვა პარტნიორთან მიმართებაში და აქაც გვექნება შესაბამისი შედეგები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების კონტროლს, რაც ასევე არის უმნიშვნელოვანესი პირობა ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და აღდგენისათვის. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები. გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მნიშვნელობასაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.