გლობალური საავიაციო ინდუსტრიის კრიზისიდან გამოსვლა შესაძლოა შენელდეს საწვავის ფასის ზრდისა და “ომიკრონის” გავრცელების ფონზე, – მიიჩნევენ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IATA).
ორგანიზაციის განმარტებით, ავიასაწვავის გაზრდილი ფასები ზეწოლას ახდენს ავიაკომპანიის საოპერაციო ხარჯებზე, იმავდროულად ავიაკომპანიების შემოსავალები ზარალდება ავიარეისების გაუქმებით, რაც მსოფლიოში “ომიკრონის” სწრაფ გავრცელებას უკავშირდება.
“ამან კი შესაძლოა ავიაკომპანიების ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის პროცესი შეაფერხოს”, აცხადებენ IATA-ში.
გასული წლის მესამე კვარტალში, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების ზრდის წყალობით, ავიაკომპანიებმა საოპერაციო მომგებიანობაზე ზეწოლის შემცირება მოახერხეს. საანგარიშო პერიოდში კი ინდუსტრიის მთლიანმა საოპერაციო ზარალმა შემოსავლის 2.6%-ი შეადგინა, მეორე კვარტლის შემოსავლის 13.6%-ის დანაკარგთან შედარებით.
საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების წმინდა ნაკადი, 58 ავიაკომპანიის მონაცემების მიხედვით, მესამე კვარტალში შემოსავლის -1% იყო. ეს კი მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებლებია 2020 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით (დაახლოებით -50%), მაგრამ გაცილებით დაბალია, ვიდრე მეორე კვარტლის (26%) შედეგი, აღნიშნავს IATA.
“საზღვარგარეთის მოგზაურობის სამომავლო ჯავშნები მცირდება ახალი შეზღუდვების გამო. ეს უარყოფითად იმოქმედებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზოგიერთი ავიაკომპანიის ფულად ნაკადზე ამ ზამთარში”, – ნათქვამია IATA-ს განცხადებაში.