საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ყურის ქვეყნებთან არსებულ მგზავრთნაკადში მნიშვნელოვანია კატარის სახელმწიფოს წილი, რომელიც 2024 წლის მონაცემებით 133 450 მგზავრს შეადგენს. ხაზი გაესვა ავიაკომპანია Qatar Airways-ის მრავალწლიან წარმატებულ ოპერირებას საქართველოს საავიაციო ბაზარზე. სააგენტოს ხელმძღვანელმა და კატარის სახელმწიფოს ელჩმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ფრენების და მიმართულებების შემდგომი ზრდის შესაძლებლობებზე და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ყველა მხარესთან პროცესის ხელშეწყობის მიზნით. „კატარის სახელმწიფოს ავიაგადამზიდველი Qatar Airways-ი დოჰა – თბილისი – დოჰას საჰაერო ხაზზე უკვე წლებია ყოველდღიურად ოპერირებს, რაც მიუთითებს რომ მოთხოვნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეისებით გადაადგილებაზე სტაბილურად მაღალია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ავიაკომპანიის მხრიდან აქტიურად იქნება განხილული საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობა საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით.“ – განაცხადა გივი დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხები.