აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივას ტურიზმის ელჩის სტატუსის შემოღებაზე დადებითად აფასებენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ფიქრობს, რომ ინიციატივა კარგია და მას შესაბამისი შედეგის მოტანაც შეუძლია.
„მსოფლიოში არსებობს ასეთი პრაქტიკა, როდესაც სხვადასხვა ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ამა თუ იმ უცხოურ ქვეყნებში, გამოყენებულ იყვნენ როგორც ტურიზმის ელჩები. ეს გახლავთ არაოფიციალური სტატუსი და არა დიპლომატიური, როდესაც კეთილი ნების ელჩი თავისი წარმატებული ცხოვრებითა და მოღვაწეობით თანხმდებიან იმას, რომ გახდნენ ტურიზმის ნაწილშიც ელჩები. ეს ადამიანები განსაკუთრებული პატრიოტიზმით გამოირჩევიან, მათ უყვართ თავიანთი სამშობლო. ძალიან მისასალმებელია ინიციატივა, როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქე კეთილი ნების გამოხატვით აკეთებს საკუთარი ქვეყნის პოპულარიზაციას“, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
გიორგი ჩოგოვაძე განმარტავს, რომ მზა ჩამოწერილი კრიტერიუმები, თუ რის საფუძველზე უნდა შეირჩნენ ტურიზმის ელჩები არ არსებობს.
„მკაფიო კრიტერიუმები არ არსებობს. მთავარი კრიტერიუმი მაინც არის ის, რომ იყოს წარმატებული და ცნობილი იმ ქვეყანაში სადაც მოღვაწეობს და იმავდროულად გამოიჩინოს კეთილი ნება იმისათვის, რომ გახდეს ტურიზმის ელჩი და დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას პოპულარიზაციაში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით“, აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა რეგიონში ტურიზმის ელჩის სტატუსის შემოღება დაანონსა. რეგიონის მთავრობა აღნიშნულ პროექტზე უკვე ინტენსიურად მუშაობს და მეტი დეტალი, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.