გერმანიის მინისტრთა კაბინეტისთვის განკუთვნილი სამი ახალი სამთავრობო თვითმფრინავი, რომლებიც წელს ძველი თვითმფრინავების შეცვლას აპირებენ, შესაძლოა თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემით აღჭურვილი არ იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით წერს, თუმცა ოფიციალურად მინისტრთა კაბინეტმა ამ ინფორმაციის დადასტურებაზე უარი თქვა.
ცნობილია, რომ 2019 წელს სამ ახალ A350-ზე გაფორმდა კონტრაქტი, გარიგების ღირებულებამ კი 1,2 მილიარდი ევრო შეადგინა. გამოცემის ცნობით, ამ თანხიდან თითქმის 230 მილიონი ევრო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე უნდა დახარჯულიყო. მსგავსი სისტემები დამონტაჟებულია წინა თაობის A340 თვითმფრინავზე, რომელსაც გერმანიის მთავრობა დღემდე იყენებს.
თუმცა, Bild-ის ცნობით, ოთხი წლის შემდეგ “ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა” და ახლა გერმანიის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს დაცვის სისტემაზე უარის თქმას, რადგან თვითმფრინავის გამოყენება მისი ინსტალაციის დროს (დაახლოებით ექვსი თვე) შეუძლებელია. გამოცემის ცნობითვე, გერმანიის პრეზიდენტის აპარატში უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან დაეთანხმონ სამინისტროს გეგმებს ასეთი სისტემის უგულებელყოფაზე. ფედერალური კანცლერის ოფისისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელმა ინგო გედეჰენსმა თავდაცვის სამინისტროს წინადადებები გააკრიტიკა. ”ეს არის უკიდურესად აბსურდული გეგმა,” – თქვა მან.
სტატიაში არ არის დაკონკრეტებული, როგორი უნდა იყოს გერმანიაში სამთავრობო ლაინერების დაცვის სისტემა. Bild წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თვითმფრინავი, მაგალითად, აღჭურვილია ლაზერული სისტემით, რომელსაც შეუძლია რაკეტების გადაჭრა.