ქართული ავიაკომპანია Geosky ავიაპარკის გაფართოებას განაგრძობს. ავიაკომპანიას დღეს Airbus Helicopters-ის სათაო ოფისში ოფიციალურად გადაცემა ახალი ვერტმფრენი H125 ტიპის AS350 B3 მოდიფიკაციის, რომლის წარმოებაც საწარმომ გუშინ დაასრულა. როგორც Geosky-ს ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე აცხადებს, ვერტმფრენი რამდენიმე დღეში საქართველოში იქნება და ოპერირებას შეუდგება.

„მიმდინარე წლის ზაფხულში Airbus-გან შევიძინეთ Airbus H125-ის ტიპის ვერტმფრენი, რომლის წარმოებაც გუშინ დასრულდა და დღეს გვექნება ამ ვერტმფრენის ოფიციალური გადმოცემა. ეს მოდელი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული მოდელია, რომელიც განკუთვნილია მაღალმთიან რეგიონებში ფრენებისთვის. მისი ძირითადი საქმიანობა, რაღა თქმა უნდა იქნება მგზავრების გადაყვანა საქართველოს მასშტაბით, ასევე ის გამოყენებული იქნება „მედევაკი“ ფუნქციით და სამაშველო ოპერაციებში ჩასართავად“, – აღნიშნა შალვა კიკნაძემ.

რაც შეეხება შვეულმფრენის ტექნიკურ მახასიათებლებს: ის გათვლილია 5 ადამიანზე, მაღალი სიმძლავრის ძრავებითაა აღჭურვილი, რაც საქართველოს რელიეფისთვის კერძოდ კი, მთიან რეგიონებში ოპერირებისათვის დიდი უპირატესობაა.აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტიპის შვეულმფრენებს საქართველოში ფართო გამოყენება აქვს. მსგავსი ტიპის შვეულმფრენს ფლობს საქაერონავიგაცია, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, ასევე ექსპლუატაციაში აქვს ავიაკომპანია TCA-ს, რომელიც მიმდინარე წელს ჩამოიყვანა.