ავიაკომპანია Geosky Airlines, სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წევრი გახდა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, IATA-ს წევრობა Geosky Airlines-ის მიზანს წარმოადგენდა და ავიაგადამზიდავი ამ მიზნისკენ სწორი ნაბიჯებით მიდიოდა.
Geosky Airlines-ის ხარისხის მართვის დირექტორის დავით ნერსეზაშვილის თქმით, IATA-ს ოჯახში ყოფნა ავიაკომპანიებს საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარება და წევრს კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას წვდომა ჰქონდეს IATA-ს მიერ საავიაციო სექტორში ჩატარებულ კვლევებზე და საკუთარ თანამშრომლებს ტრენინგები სპეციალური ტარიფებით გაატარონ.
„მიმდინარე წლის ნოემბერში მიწვეულები ვართ რომში, IATA-ს ახალი წევრებისათვის დაგეგმილ სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიაზე.
ავიაცია კომპლექსური სფეროა, სადაც ჩართულია ბევრი რგოლი. IATAს წევრობა და IOSA-ს სერტიფიკატი არის ერთგვარი საშვი, აღიარება, რომელიც ხაზს უსვამს ავიაკომპანიის განვითარებისა და უსაფრთხოების დონეს, ადასტურებს მის მიღწევებს.
რაც შეეხება ავიაგადამზიდავის ვალდებულებებს, IATA-ს რეგულაციების მიხედვით, IOSA-ს სერტიფიცირებულ ავიაკომპანიებს, გეგმურად 2-წელიწადში ერთხელ უწევთ გაიარონ განმეორებითი შემოწმება, ე.წ აუდიტი, რომლის ფარგლებშიაც ორგანიზაციამ უნდა დაადასტუროს საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობა, კვალიფიკაცია და შესაბამისი კომპეტენცია. აუდიტი საკმაოდ შრომატევადი, სტრესული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოიცავს ადგილზე საბაზო შემოწმებას, დოკუმენტურ მტკიცებულებების არსებობასა და აღწერილი პროცესებისა და პროცედურების ყოველდღიურობაში გამოყენებას.
ისევე როგორც მიწაზე, ასევე ჰაერში არიან სანდო, გამოცდილი და ახალი, განვითარებადი ‘’მოთამაშეები’’. პოტენციურ პარტნიორებს და კლიენტებს დამეთანხმებით, სურთ ითანამშრომლონ გამოცდილ და სანდო ორგანიზაციასთან, რომლის მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება საერთაშორისოდ აღიარებულია“, – აცხადებს Geosky Airlines-ის ხარისხის მართვის დირექტორი დავით ნერსეზაშვილი.
International Air Transport Association (IATA) აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის 335-ზე მეტი ავიაკომპანიას. ასოციაციის წევრობა ხაზს უსვამს ავიაკომპანიის ვალდებულებას შეინარჩუნოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს მგზავრთა საუკეთესო გამოცდილება.