6 სექტემბერს, ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი, საერთაშორისო რეგულარული ფრენა შეასრულა.

„ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში “Georgian Wings”-ის პირველი საერთაშორისო რეისის წარმატებით განხორციელებას. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

აღნიშნული მარშრუტი გვიხსნის უსაზღვრო შესაძლებლობებს, განვავითაროთ ორმხრივად ტურიზმი და ბიზნესი და ხელი შევუწყოთ მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.  ATR72-500 საჰაერო ხომალდით ფრენები თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით 6 სექტემბრიდან რეგულარულად შესრულდება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ, კომფორტულ და უსაფრთხო მიმოსვლას ორ მეზობელ ქვეყანას შორის და ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება საწყისი გრძელვადიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის“, – განაცხადა Georgian Wings-ის ხელმძღვანელმა ედისონ ფიფიამ.

Georgian Wings-ის საჰაერო ხომალდი, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით დაეშვა.

ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი ქართულ საჰაერო ხომალდს საზეიმო ვითარებაში ტრადიციულად წყლის თაღით დახვდა.

პირველი რეგულარული ფრენის ღონისძიება ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ვითარებაში გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც Georgian Wings-ის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი საღირაშვილი, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორი თეიმურ გასანოვი, Georgian Wings-ის ოფიციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ისმაილ მამმადოვი და ,,აზერბაიჯანის ავიახაზები“-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სამირ რზაევი.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, Georgian Wings-ის განვითარების ეტაპის მომსწრენი ვართ, შესრულდა პირველი, რეგულარული საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანები ბაქოს მიმართულებით, როგორც მოგეხსენებათ ავიაკომპანია Geosky-მ თავდაპირველად დაიწყო ოპერირება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებით და შემდგომ უკვე განავრცეს საკუთარი ბიზნესი და თავდაპირველად დააანონსეს ქვეყნის შიდა  ფრენები თბილისი-ბათუმის მიმართულებით და ახლა უკვე საერთაშორისო რეგულარული ფრენები ბაქოს მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ავიაკომპანიის დინამიური განვითარება იძლევა იმის საფუძველს გვქონდეს პოზიტიური მოლოდინი, რომ ეს არ არის ერთადერთი საერთაშორისო რეისი და დარწმუნებული ვართ, რომ სხვა მიმართულებებსაც დაამატებს ავიაკომპანია. Georgian Wings-ი დაკომპლექტებულია პროფესიონალ ავიატორთა გუნდით, რომელთათვისაც უსაფრთხოება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და მგზავრთა უფლებები და კომფორტი არის ის ფოკუსი, რაზეც ავიაკომპანია ძალიან დიდ დროს და ენერგიას ხარჯავს და საფასო პოლიტიკაც სრულად შეესაბამება საბაზრო კონიუნქტურას“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი საღირაშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქართულმა ავიაკომპანიამ შეასრულა პირველი რეგულარული რეისი თბილისი-ბაქოს მიმართულებით, როგორც მოგეხსენებათ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა, დინამიურად ვითარდება ჩვენი ურთიერთობები ქვეყნებს შორის.  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და აღნიშნული რეისები, რომელსაც ჯერ-ჯერობით კვირაში სამი სიხშირით ასრულებს ავიაკომპანია, მომავალში ვიმედოვნებთ, რომ რეისები შესრულდება ყოველდღიურად ,  რაც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადის ზრდას, რა თქმა უნდა ეკონომიკის გაძლიერებას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.  ვფიქრობ, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე აზერბაიჯანის და მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის ძალიან საინტერესო იქნება მგზავრობა ქართული ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდითაც. პარიტეტის მეშვეობით დღეს სრულდება რეისები, როგორც აზერბაიჯანის ავიახაზებით, ასევე ჩვენი ავიახაზებით ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და დიდი პერსპექტივა აქვს ურთიერთთანამშრომლობას და ერთობლივი მუშაობით ჩვენ მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებას“, – განაცხადა Georgian Wings-ის პირველი რეისის შესრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.  მხარეებმა ხაზი გაუსვეს, აღნიშნული საჰაერო მიმოსვლის დანიშვნის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.

ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა თეიმურ ჰასანოვმა შეხვედრის მსვლელობისას აღნიშნა – „ჩვენი აეროპორტი ისწრაფვის უწყვეტი განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისაკენ. აღნიშნული მარშრუტი ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურული განვითარების“.

Georgian Wings დღეიდან ფრენებს თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირა დღეს, რეგულარულად კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.  ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ.გვერდის მეშვეობით georgianwings.com, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.