ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეისების დროებით შეჩერების მიზეზს განმარტავს და ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენს დახმარებას სთხოვს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია განმარტავს, რომ ბაზარზე არაკონკურენტული გარემოა და სიტუაციის გამოსწორებას ბიზნესომბუდსმენის აპარატისგან ელოდება.
რომან ბოკერია აცხადებს, რომ ავიაკომპანიამ არსებულ გამოწვევებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, წერილობით, საქმის კურსში ჩააყენა, რომელმაც წერილი ოფიციალურად მაშინდელ ბიზნესომბუდსმენს ირაკლი ლექვინაძეს დააწერა. დღეს კი ქვეყანას ახალი ბიზნესოომბუდსმენი ყავს და რომან ბოკერიას იმედი აქვს, რომ Georgian Airways-ის პრობლემების მოგვარებაში დიდი წვლილს სწორედ მიხეილ დაუშვილი შეიტანს – “დიდი იმედი გაქვს რომ ახალი პრემიერ-მინისტრი, ახალი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ახალი ბიზნესომბუდსმენი ყურად იღებს ეროვნული ავიაკომპანიის პრობლემებს”.
“ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ევროპის რამდენიმე მიმართულებით ფრენა. ესენია ბარსელონა, ბოლონია, ბრიუსელი, პრაღა, ლონდონი. ეს არის დროებითი შეწყვეტა, გამომდინარე იქედან, რომ დეკემბერში მგზავრების რაოდენობა ისევ ბევრი გვექნება და ჩვენ ფრენებს განვაახლებთ. თუმცა ეს დროებითი შეწყვეტაც არ უნდა მომხდარიყო. რა გახდა ამის მიზეზი? ამის მიზეზი არის საქართველოს ავიაციაში შექმნილი არაჯანსაღი, არაკეთილსინდისიერი საკონკურენციო გარემო. ვგულისხმობთ იმას, რომ ჩვენი გასული 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 20 მლნ დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ევროპის მიმართულების განვითარებაში. ეს არის როგორც ბიზნეს გეგმა, ბიზნეს პროექტი. როდესაც იწყებ ბიზნეს პროექტს პირველი 1-2 წელი აბანდებ თანხებს და შემდეგ იღებ მოგებას. შესაბამისად ჩვენ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ვენა, ბრიუსელი, პრაღა, პარიზი, ბერლინი, ბოლონია, ბარსელონა, ლონდონი დავაფინანსეთ 20 მლნ დოლარით, რათა შემდგომ განხორციელებულიყო ეს რეისები და მოეტანა შემოსავალი. მაგრამ როდესაც ეს რეისები პოპულარული გახდა, “დაგვაჯდა” ლოუკოსტერ კომპანია Wizz Air-ი, რომელიც შემოვიდა ქვეყანაში და ჩვენს მიერ აგორებული რეისებით დაიწყო ფრენა. გარდა ამისა მთავრობა ახორციელებს “ლოუკოსტერების” Wizz Air-ის და უკვე Ryanair-ის დაფინანსებას. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჩამოსულ მგზავრზე მთავრობა მათ 60-დან 70 ევრომდე აფინანსებს.
Georgian Airways-ის მოთხოვნაა ბაზარზე იყოს სამართლიანი, კონკურენტული მოთხოვნები. იგივე პირობებში ჩაგვაყენონ – ეროვნული ავიაკომპანია, რათა არ ვიყოთ დაჩაგრულები”, აცხადებს “ბიზნესპარტნიორთან” საუბარში რომან ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ი პერიოდულობით, რამდენიმე მიმართულებით ფრენებს აუქმებს.
ავიაკომპანიიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შევიდა შეტყობინებები რამდენიმე მიმართულებით და პერიოდულობით ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, კერძოდ:
თბილისი-ბარსელონა – ფრენები უქმდება 20.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 12.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
თბილისი-ბოლონია – ფრენები უქმდება 08.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 10.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
თბილისი-ბრიუსელი – ფრენები უქმდება 21.11.2019-დან 12.12.2019-მდე და 16.01.2020-დან 05.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
თბილისი-პრაღა – ფრენები უქმდება 19.11.2019-დან 10.12.2019-მდე;
თბილისი-ლონდონი – ფრენები უქმდება 23.11.2019-დან 07.12.2019-მდე და 15.01.2020-დან 11.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
თბილისი-ბერლინი – ფრენები უქმდება 6 და 16 დეკემბერს, ხოლო 17.01.2020-დან 06.03.2020-მდე გაუქმდება ფრენები ყოველ პარასკევს და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება მხოლოდ 1 სიხშირით;
თბილისი-კიევი – 6 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უქმდება ყოველი ოთხშაბათი დღე და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციითვე, Georgian Airways-ის ფრენების განრიგი 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისათვის ასე გამოიყურება:
თბილისი – ამსტერდამი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
თბილისი – ვენა – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
თბილისი – ბოლონია – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
თბილისი – ბარსელონა – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
თბილისი – ბერლინი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
თბილისი – ბრიუსელი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
თბილისი – პარიზი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
თბილისი – თელ ავივი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 12 სიხშირით;
თბილისი – პრაღა – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
თბილისი – ლონდონი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
თბილისი – კიევი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით (2018-19 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენებს ასრულებდა კვირაში 6 სიხშირით);