ავიაკომპანია Georgian Airways-მა ლონდონი-ბათუმის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 178 მოქალაქე დააბრუნა. აღნიშნულ რეისზე ავიაკომპანიას ბილეთები არ გაუყიდია, რადგანაც ყველა მგზავრმა ისარგებლა ფრენების შეჩერებამდე შეძენილი ბილეთებით.
ეს ადამიანები საქართველოში დაბრუნებას COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შეწყვეტილი ავიარეისების გამო ვერ ახერხებდნენ. მათი ტრანსპორტირება საქართველოში Georgian Airways-ის კუთვნილი Boeing 737-800-ით მოხდა.
რეისის შესრულებისას Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრები მაქსიმალურად შეეცადნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით ეხელმძღვანელათ. ფრენისას ყველა მგზავრი და თავად ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი იყვნენ ნიღბებით.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ადგილზე მობილიზებული იყო ავტობუსები და სპეციალურად ეკიპირებული მედპერსონალი. მგზავრებმა აეროპორტის შენობაში გაიარეს სქრინინგი და ამის შემდეგ განთავსდნენ საკარანტინო ზონებში, სადაც 14 დღეა დაჰყოფენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:
16 აპრილი – პარიზი-თბილისი
18 აპრილი – თელავივი-თბილისი
21 აპრილი – რომი-თბილისი
აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია Georgian Airways-ი.
ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება :
7 აპრილი – ათენი-თბილისი
10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი
12 აპრილი – ბერლინი-თბილისი
14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი
მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი
გთავაზობთ ლონდონი-ბათუმის რეისზე Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრების მიერ გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა ასვლას, მგზავრობის პროცესს და თავად მგზავრთა კმაყოფილებას ასახავს.