ავიაკომპანია Georgian Airways-მა ათენი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში 125 მგზავრი ჩამოიყვანა, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები და მძიმე პაციენტები იყვნენ.
ეს ადამიანები საქართველოში დაბრუნებას COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შეწყვეტილი ავიარეისების გამო ვერ ახერხებდნენ. მათი ტრანსპორტირება საქართველოში Georgian Airways-ის კუთვნილი Boeing 737-800-ით მოხდა.
აღნიშნულ რეისზე დაბრძანებული იყო ასევე საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ხატი, რომელიც ამიერიდან ავიაკომპანიის ყველა იმ რეისზე იქნება, რომელიც უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციას ითვალისწინებს.
რეისის შესრულებისას Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრები მაქსიმალურად შეეცადნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით ეხელმძღვანელათ. ფრენისას ყველა მგზავრი და თავად ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი იყვნენ ნიღბებით.
როგორც არსებული გამოცდილებიდან ირკვევა, სპეცრეისებზე არის შემთხვევები, როდესაც მგზავრი აეროპორტში არ ცხადდება, ასეთ შემთხვევაში კი საელჩოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მგზავრების ჩანაცვლება უწევს.
“წინა რეისებზე იყო შემთხვევები, როდესაც მგზავრების რაღაც გარკვეული რაოდენობა, ეს არ იყო ბევრი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ცხადდებოდნენ დაგეგმილ ფრენაზე. ამიტომ, ყველა ასეთ შემთხვევაში, მოგეხსენებათ ჩვენს საკონსულო სამსახურებს აქვთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს მოქალაქეებთან, პრაქტიკულად ყველა, ვინც იმყოფება კონკრეტულ საკონსულო ოლქში მით უმეტეს ამ მდგომარეობის გათვალისწინებით აღნიშნული არიან და ჩვენი საელჩოები და საკონსულოები ახდენდნენ გაფრთხილებას, გადამოწმებას, შეხსენებას. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გადაიფიქრებდა რეისზე გამოცხადებას, უნდა მომხდარიყო ალტერნატიული სარეზერვო კონტინგენტით ჩანაცვლება, რომ თვითმფრინავის ადგილები არ გაცდენილიყო. ეს რეისზეც იყო ასეთი შემთხვევა, რომ არ გამოცხადდა ადამიანები გარკვეული რაოდენობას. საკონსულოს ჩართულობით, მყისიერი რეაგირებით მოხდა სხვა მოქალაქეების ინფორმირება, რომლებიც შემდეგ უკვე მოხვდნენ რეისზე. ათი ადამიანი არ გამოცხადდა და შვიდი ადამიანით ჩანაცვლდა. ამ რეისზე იყო ძალიან ბევრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი, სამწუხაროდ, გვყავდა ონკოლოგიური პაციენტებიც. იყო რვა მცირეწლოვანიც. შესაბამისად, ძირითადად ამ კატეგორიის ადამიანებს გაუწიეს დახმარება“, – აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კოსტანტინიდიმ გააკეთა.
მგზავრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში გაიარეს სქრინინგი და ამის შემდეგ განთავსდნენ საკარანტინო ზონებში, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ.
შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები შემდეგი მიმართულებით:
10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი~12 აპრილი – ბერლინი-თბილისი
14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი
16 აპრილი – პარიზი-თბილისი
18 აპრილი – თელავივი-თბილისი
21 აპრილი – რომი-თბილისი
24 აპრილი – ბარსელონა-თბილისი
27 აპრილი – ვარშავა-თბილისი
აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია Georgian Airways-ი. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.
გთავაზობთ ათენი-თბილისის რეისზე Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრების მიერ გადაღებულ ვიდეომასალას, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა ასვლას, მგზავრობის პროცესს და თავად მგზავრთა კმაყოფილებას ასახავს.