ავიაკომპანია Georgian Airways-მა ​ნიდერლანდების დედაქალაქიდან საქართველოს 179 მოქალაქის რეპატრიაცია განახორციელა. ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით ავიაკომპანიამ საქართველოში 180 მგზავრი ჩამოიყვანა. Boeing 73708FH თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20:00 საათზე დაეშვა.

რეისის შესრულებისას ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრები მაქსიმალურად შეეცადნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით ეხელმძღვანელათ. ფრენისას ყველა მგზავრი აღჭურვილი იყო ნიღბით. 

მგზავრები აცხადებენ, რომ სამშობლოში დაბრუნებით კმაყოფილნი არიან, რისთვისაც ქვეყნის მთავრობასთან ერთად მადლობას ავიაკომპანია Georgian Airways-საც უხდიან. 

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია აცხადებს, რომ მთავრობასთან ერთად ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა დამატებითი სპეცრეისები დაინიშნოს და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნდნენ.

“მე მინდა ისევ გავიმეორო საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დარჩება საზღვარგარეთ, ვისაც სამშობლოში დაბრუნება უნდა. საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით Georgian Airways-ი ყველას ჩამოყვანას ვუზუნველყოფთ, თუმცა ეს მოხდება ეტაპობრივად, გეგმიურად და მომზადებულად. არც ერთ ქართველს ჩვენ ქვეყნის გარეთ არ დავტოვებთ”, აცხადებს რომან ბოკერია.

როგორც ცნობილია, Georgian Airways-ი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე სპეცრეისს განახორციელებს.  10 აპრილილის ჩათვლით დაგეგმილი სპეცრეისების გრაფიკი უკვე შემუშავებულია.

Georgian Airways-ის ​სპეცრეისების უახლოესი დღეების განრიგი ასეთია:

3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – Georgian Airways

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)

7 აპრილი -ათენი-თბილისი – Georgian Airways

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways

აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე. ბილეთები გაიყიდება ასევე ავიაკომპანიის სალაროებშიც, თუმცა COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით Georgian Airways -ი მგზავრებს ბილეთების შეძენას ონლაინ ურჩევს.

Georgian Airways-ის ამსტერდამი-თბილისის მგზავრობის ამსახველი ვიდეოები: