ავიაკომპანია Georgian Airways-ის ვებგვერდზე გერმანიაში EURO-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასასწრებად ჩარტერული ფრენების ავიაბილეთების გაყიდვები დაიწყო. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ერთი გზის ღირებულება 295 ევროდან იწყება.

არსებული განრიგის მიხედვით, Georgian Airways-ი პირდაპირ ფრენებს შესრულებს თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

Georgian Airways-ში განმარტავენ, რომ პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.

ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.

„ავიაკომპანია Georgian Airways-ი კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას! Georgian Airways-ი შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება“, – აღნიშნული იყო რამდენიმე დღის უკან ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!