გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 3 აპრილს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი სპეცრეისს შეასრულებს. ავიაკომპანია თბილისი-ბერლინი-თბილისის მარშრუტზე ბილეთების რეალიზაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებით რეისის განხორციელებამდე 2 დღით ადრე, 1-ელი აპრილის 10:00 საათიდან დაიწყებს. მსურველებს ბილეთების შეძენა Georgian Airways-ის ვებ-გვერდიდან შეეძლებათ და მისი ღირებულება, ყველა კლასზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მითითებით 199 ევრო იქნება.
როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, მგზავრთა უზარმაზარი რაოდენობიდან გამომდინარე რეისზე მათი ჭადრაკულად განთავსება ვერ მოხერხდება. შესაბამისად, Georgian Airways-ი მთავრობის რეკომენდაციით, გერმანიიდან მაქსიმალურად მეტი მგზავრის (180 ადგილი) ჩამოყვანას შეეცდება.
თუმცა ავიაკომპანია მაქსიმალურად შეეცდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით იხელმძღვანელოს.
ვინაიდან COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით გერმანიას და საქართველოს, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მსგავსად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული, ბერლინი-თბილისის ავიარეისზე ბილეთის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ხოლო თბილისი-ბერლინის ავიარეისზე კი მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებს.
❗ საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
Georgian Airways-ის სპეცრეისების უახლოესი დღეების განრიგი ასეთია:
? 4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)
? 7 აპრილი -ათენი-თბილისი – Georgian Airways
? 10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways
? აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე.