Georgian Airways-ი საზოგადოებისთვის საკუთარი თანამშრომლების გაცნობას განაგრძობს.
ამჯერად კომპანია 36 წლის ხომალდის მეთაურს, ვალერი იმიშვილა წარადგენს. ვალერი იმიშვილი Georgian Airways-ში 2013 წლიდან მუშაობს და ჯამში 8000 საათი აქვს ნაფრენი ორი ტიპის ავიახომალდზე „ემბრაერ-190“-სა და „ბოინგ-737“-ზე.
ვალერისთვის ავიაცია ბუნებრივი არჩევანი იყო: ბაბუა მფრინავი ჰყავდა, მამა – ავიატექნიკოსი, ამიტომ ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა უკრაინაში, სამოქალაქო ავიაციის საფრენოსნო უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა. ახსოვს მისი პირველი დამოუკიდებელი ფრენაც –
2013 წელს, თბილისი – თელ-ავივის მიმართულებით.
,,ავიაცია ჩემთვის იმდენად ბუნებრივი სფეროა, განსაკუთრებული სირთულეები არ მახსენდება არც სწავლის, არც შემდგომ დამოუკიდებელი ფრენების დაწყების შემდეგ. პირიქით, ეს პროცესი ჩემთვის განსაკუთრებული სიხარულის და სიამოვნების მომტანია. განსაკუთრებით, აფრენა-დაფრენა, რომელიც ითვლება ყველაზე რთულ პროცესებად“.
ამბობს, რომ ავიაცია ცხოვრების სტილია, რომელიც საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას და განვითარებას გულისხმობს.
ხომალდის მეთაურთან ერთად, ვალერი ახალგაზრდა მფრინავებთან ინსტრუქტორად მუშაობს. იხსენებს, რომ სწავლის დროს ყველაზე მეტი სასარგებლო, პროფესიული რჩევა ინსტრუქტორებისგან მიიღო და დღეს თავადაც, ინსტრუქტორის პოზიციიდან ახალი თაობის მფრინავებს ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს.
„პირველ რიგში ავიატორისთვის აუცილებელია განათლება, ბევრი თეორიული მასალის ათვისება. ყველა ფრენა განსაკუთრებულია, ამიტომ ყოველი ფრენის წინ პილოტი უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ რეისი შესრულდეს უსაფრთხოდ. პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და ღრმა ცოდნა – ეს არის ის თვისებები, რომელიც მფრინავს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.”