ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ოპერირებას დამატებით რამდენიმე ევროპული მიმართულებით განიხილავს. როგორც Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ოპერირებას გეგმავს ბრიუსელის, ბერლინის და რომის მიმართულებით. ავიაკომპანიის გეგმებშია ასევე ფრენა მიუნხენის მიმართულებითაც.
რაც შეეხება კომპანიის ტრადიციულ მიმართულებებს: ვენას, ამსტერდამს და პარიზს ავიაკომპანია ფრენებს დღესაც ასრულებს.
როგორც თამაზ გაიაშვილი ამბობს, თუ ავიაკომპანია Wizz Air-ის ვენის მიმართულებით ფრენებს გააგრძელებს, მაშინ Georgian Airways-ი იძულებულია აღნიშნული მიმართულება გააჩეროს, რადგანაც კომპანიისთვის აღნიშნული მიმართულება უკვე წამგებიანია.
სხვა მიმართულებებზე ფრენების გეგმაზე საუბრისას კი გაიაშვილი ამბობს, რომ „ჯერჯერობით საბოლოო გეგმაზე არ შევთანხმებულვართ. ვერ ვალაგებთ. არასტაბილური სიტუაციაა“.
ერევნის მიმართულებაზე Georgian Airways-ი მიმდინარე ზაფხულისთვის სიხშირეების ზრდას არ ელოდება, რადგანაც თამაზ გაიაშვილის თქმით მოთხოვნა შემცირებულია.