ბათუმში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის დღევანდელი რეისი გააუქმა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, Pegasus Airlines-ი სტამბოლი საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით რეისს ხვალ შეასრულებს.

აღსანიშნავია,რომ Pegasus Airlines-ი ბათუმის აეროპორტში დღეს ადგილობრივი დროით 19:15 საათზე უნდა დაშვებულიყო.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ამინდი გუშინ დღის მეორე ნახევარში გაუარესდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბათუმში, ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და ხეები წააქცია. წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომობილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და ავტობუსის მოსაცდელი.

ამასთან, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებს რკინის კონსტრუქცია დაეცა.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, რამდენიმე მონაკვეთზე კი ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.

“ძლიერმა ქარმა ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში ხეები წაიქცა. წააქცია ავტობუსის მოსაცდელიც. გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა, ადგილზე მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ”, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.