კატარისა და საქართველოს ავიახაზები უკრაინაში ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიებად აღიარეს. უკრაინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა აეროპორტმა, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა, ივლისის მონაცემებით, ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები დაასახელა და ლიდერ პოზიციაზე, ანუ შესრულებული ავიარეისების მიხედვით, რეისები დროულად, 100%-იანი სიზუსტით Qatar Airways-მა და Georgian Airways-მა განახორციელეს.

Georgian Airways-ი, რომელიც ამ დროისათვის უკრაინის მიმართულებით მხოლოდ თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებს, უკრაინის ბაზარზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში ხშირად მოწინავე პოზიციაზეა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში, არსებული დატვირთულობის ფონზე, ავიაკომპანიებს ავიარეისების განხორციელება დროის სრული სიზუსტით უჭირთ, Georgian Airways-მა Qatar Airways-თან ერთად მოახერხა და ივლისის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით დაგეგმილი რეისები დროის სრული სიზუსტით შეასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ პუნქტუალურობის მხრივ  Georgian Airways-ს საკმაოდ ბევრი მსოფლიო თუ ევროპის მასშტაბით ლიდერი ავიაკომპანია ჩამორჩება, რომლებიც უკრაინის ბაზარზე ოპერირებენ. მაგალითისთვის, ივლისში ბორისპოლის აეროპორტში რეისების 90%-ს შეასრულეს დროის სრული სიზუსტით ისეთმა ავიაკომპანიებმა როგორებიცაა Turkish Airlines-ი, Air Arabia, AirBaltic-ი, Aigle Azur-ი, Czech Airlines-ი, Laudamotion-ი და Belavia.

პუნქტუალურობის მხრივ 70-90%-იან დიაპაზონში შეასრულეს რეისები ავიაკომპანიებმა: Lufthansa, Brussels Airlines, British Airways, Air France, Flydubai, KLM, Swiss, Austrian Airlines, Air Astana, FlyUIA, SkyUp, Wind Rose, YANAIR, Ellinair, Air Serbia, Ryanair, Azur Air Ukraine და Bukovina.

პუნქტუალურობის 50-70%-იან დიაპაზონში განახორციელეს ავიარეისები შემდეგმა ავიაკომპანიებმა: LOT, El Al, Aegean Airlines, Air Malta, Bravo, Iraqi Airways.