ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი უკრაინაში ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიად ისევ აღიარეს. 2019 წლის ნოემბერში უკრაინის აეროპორტებში რეისები დროის სრული სიზუსტით სულ 7-მა ავიაკომპანიამ განახორციელა. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბერში Georgian Airways-ის გარდა პუნქტრუალურად განხორციელებული ავიარეისებით გამოირჩეოდნენ ასევე Air Arabia (100%), AZAL (Buta Airways) (100%), Alitalia (100%), Air Serbia (100%), Air Malta (100%) და Iraqi Airways (100%).
Georgian Airways-ი, რომელიც ამ დროისათვის უკრაინის მიმართულებით მხოლოდ თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებს, უკრაინის ბაზარზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში ხშირად მოწინავე პოზიციაზეა. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ავიაბაზარზე ბევრი ცნობილი ავიაკომპანია ოპერირებს და პუნქტუალურობის მხრივ Georgian Airways-ს საკმაოდ ბევრი მსოფლიო თუ ევროპის მასშტაბით ლიდერი ავიაკომპანია ჩამორჩება.
ცნობისათვის, ნოემბრის სტატისტიკური მონაცემებით, პუნქტუალურობის რეიტინგში Georgian Airways-ს ჩამორჩებიან ისეთი ცნობილი ავიაბრენდები, როგორებიცაა: airBaltic (93,8%), Qatar Airways (93,3%), Air Astana (93%), SAS (92,3%) და Austrian Airlines (91,5%).
ნოემბერში, უკრაინის აეროპორტებში უცხოური ავიაკომპანიების მიერ 2866 რეისი განხორციელდა, რომლის 86.8%-ი დროის სრული სიზუსტით შესრულდა.