ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებაზე სიხშირეების რაოდენობას ზრდის. ავიაკომპანიის ცნობით, 7 ივლისიდან თბილისსა და რომს შორის ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.
„7 ივლისიდან, რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ახლა უკვე კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის.
ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში ჩასაბარებელი ბარგიც შედის“-, აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისიდან იტალიის დედაქალაქ – რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აპრილიდან დაიწყო. ავიაკომპანია თბილისიდან პირდაპირ ფრენებს რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში ახორციელებს.
Georgian Airways-ი ასევე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების მილანსა და ფორლის მიმართულებით.












