კიდევ ერთი სიახლე “Georgian Airways” ისგან:
10 ივლისიდან, ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილის-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ყოველდღიურ ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, აღნიშნული რეისები ებმის ერევანი-მოსკოვის მარშრუტს, რომლის განხორციელებაც ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო.
“ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ტურისტები რუსეთის მიმართულებებიდან შეძლებენ ჩამოსვლას ბათუმში და სრული მაშტაბით არ გააუქმებენ სასტუმროების ჯავშნებს“, წერს Georgian Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილე თამუნა თანდაშვილი facebook-ის პირად გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ თბილისი-ბათუმი-თბილისის მარშრუტზე ყოველდღიური ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის ბოლომდე გაგრძელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Georgian Airways-ი ბათუმი-ერევანი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს, ხოლო თბილისიდან ერევნის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.
ფრენები ბათუმი-ერევანი-ბათუმის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 10 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.
ამასთან, ქართულმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე თბილისი-ერევნის მიმართულებით. დღეიდან, “Georgian Airways”-ი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ამატებს 7 სიხშირეს (ყოველდღე) და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე რეგულარულ ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს. შესაბამისად, ავიაკომპანია მგზავრებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით დღეში ორ რეისს შესთავაზებს. ზემოთ ხსენებულის გარდა, “Georgian Airways”-ი ასევე შეასრულებს დამატებით რეისებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით 8 ივლისიდან 30 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით.
ფრენები Boeing B737, Embraer ERJ190 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 5 ივლისს მიენიჭა.