ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში აღარ გაუშვებს. როგორც Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა, კომპანიამ თანამშრომლების შვებულებაში (უხელფასო) გაშვების პროცესი გადაავადა. მისი თქმით, Georgian Airways-ი თანამშრომელთა 95%-ის უხელფასო შვებულებაში გაშვება შეჩერებულია.
“ჩვენ არ გავუშვებთ ხალხს უხელფასო შვებულებაში. თუ ვინმეს შვებულებაში გავუშვებთ ეს იქნება ის ხალხი რომელთაც ანაზღაურებადი შვებულება ისედაც ეკუთვნოდათ. ვცდილობთ, ეს საკითხი მაქსიმალურად გადავიტანთ შემდგომისათვის”, განაცხადა რომან ბოკერიამ.
მისი თქმით, პროცესის შეჩერება სახელმწიფოს დახმარებით მოხდება. Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი არ აკონკრეტებს, თუ როდიდან დაიწყებს ავიაკომპანია ჩარტერული ავიარეისების შესრულებას და უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციას. ბოკერია ამბობს, რომ მტავრობასთან ერთად განიხილება ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა შემდეგი მიმართულებებით: ვენა, პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი, შესაძლოა რომიც და ბარსელონაც.
შეგახსენებთ, რომ დღეს Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თანამშრომელა 95%-ის უხელფასო შვებულებაში გაშვება იგეგმებოდა, რაც თავის მხრივ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგულარული ავიარეისების შეჩერებას უკავშირდება.