Georgian Airways-ი რეგულარულ ავიარეისებს წყვეტს. როგორც ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია განმარტავს, ავიაკომპანია შეასრულებს იმ ჩარტერულ ავიარეისებს, რომლებიც ხელშეწყობილი იქნება მთავრობის მხრიდან.

“გვინდა გავაკეთოთ საგანგებო განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის მითითებით Georgian Airways-ი დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. 

შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით, ჩვენი მოქალაქეების გამოსაყვანად ევროპის ქვეყნებიდან.

აგრეთვე გვინდა ავღნიშნო რომ Georgian Airways​-ი მზად არის ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნა და ხელშეწყობა”, განმარტავს ბოკერია.

Georgian Airways​-ი მზადაა ასევე კერძო შეკვეთებიც მიიღოს.

“Georgian Airways-ი მზად არის ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.
 
Georgian Airways-ი ასევე ოპერატიულად პრესას და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას თუ რა ჩარტერული რეისები შესრულდება და როდის. 

ჩვენ გაცნობებთ, თუ რაიმე ახალი განკარგულება იქნება საქართველოს მთავრობიდან. 

დამატებით მინდა გაცნობოთ, რომ შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებული ვართ დღეს ჩვენი თანამშრომლების 95% გავუშვათ შვებულებაში, რასაც ითვალისწინებს  შექმნილი ფორსმაჯორის საგანგებო მდგომარეობა”, აცხადებს Georgian Airways​-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.