ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც რომი-თბილისის სპეცრეისს ასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:30 საათზე დაეშვება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Georgian Airways-ი აღნიშნული რეისით საქართველოში 180 მგზავრი ჩამოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.
აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში.
საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.
? როგორც უკვე ცნობილია, უახლოესი დღეების განრიგი არის შემდეგი:
24 აპრილს – თბილისი-ბარსელონა-თბილისი
27 აპრილს – თბილისი-ვარშავა-თბილისი
30 აპრილს -თბილისი- მადრიდი-თბილისი
2 მაისს – თბილისი – პრაღა-თბილისი.
საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.
? 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 9474 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 6934 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
? შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.
✔️ აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.