პასუხის პასუხი  Myway Airlines-ს Georgian Airways-გან. ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია Myway Airlines-ს ბრალდებებს კიდევ ერთხელ პასუხობს და განმარტავს, რომ Georgian Airways-ი საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის ამ ძნელბედობის ჟამს მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ თანამემამულეებს, ვისთვისაც საავიაციო მომსახურება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა, დახმარების ხელი გაუწოდოს. “Myway Airlines-ის მესვეურებს კი ამ ვითარებაში ჩვენი მოცდენა და ჭეშმარიტად საქვეყნო საქმის კეთებაში ხელის შეშლა განუზრახავთ”.

Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ ყველა იმ მიმართულებებზე, სადაც ავიაკომპანია დაფრინავს, ოპერირებდნენ ასევე უცხოური ავიაკომპანიებიც. ბოკერია მიიჩნევს, რომ ქართული და უცხოური ავიაკომპანიები ​არაპრიორიტეტულ რეჟიმში არიან.

“ავიაკომპანია Myway Airlines-თან პოლემიკის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვითმინე ის, რომ ჩემს მიერ საქმის ობიექტურად წარმოჩინებას მათ „უტიფარი ცილისწამება“ უწოდეს. ეს მაშინ, როდესაც ჩვენთვის წამოყენებული მათი ყოველი ბრალდება რეალობის იგნორირებასა და სიტუაციის გაყალბებულად წარმოჩინებაზეა აგებული.

ჯანსაღი კონკურენცია, როგორც ყველა სხვა დარგში, ავიაციაშიც უნდა არსებობდეს, მაგრამ კონკურენციას ამოფარებული პროვოკაციული ქმედებები დარგის განვითარების ნაცვლად, მამუხრუჭებელ, ხშირ შემთხვევაში კი დამანგრეველ ფაქტორად იქცევა-ხოლმე.

გადავხედოთ მაღალგანვითრებული და კლასიკური ავიაციის ქვეყნებში არსებულ საავიაციო ტრადიციებს. ევროპის ყველა სახელმწიფოში არსებობს ერთი ნაციონალური გადამზიდავი. დიდ ბრიტანეთში – British Airways-ი; გერმანიაში – Lufthansa; საფრანგეთში – Air France; ავსტრიაში – Austrian Airlines-ი და ა.შ. ამ სახელმწიფოებში, ცხადია, არსებობენ სხვა ავიაკომპანიებიც, მაგრამ ისინი არიან ტურისტული და ჩარტერული კომპანიები, რომლებიც ნაციონალური გადამზიდველების განვითარებას ხელს არ უშლიან. იმ ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც მოსახლეობა 50-60 მილიონს აღემატება, განა არ არიან ახალი ავიაკომპანიების ჩამოყალიბების მსურველები? არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ამ ქვეყნებში ხელისუფლება არ დაუშვებს საკუთარი ნაციონალური გადამზიდველისათვის ხელისშემშლელი და დამაზიანებელი პირობების შექმნას, იმიტომ, რომ მან უცხოური ძლიერი კომპანიებისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა შეძლოს. ჩვენთან კი, სამმილიონიან საქართველოში, ნუთუ, ვინმე მართლა ფიქრობს, რომ, შესაძლებელია ათეულობით ავიაკომპანიის შექმნისა და გამართულად ფუნქციონირების პირობები არსებობდეს, ეს ხომ აბსურდია?!

ეს სიტყვები შეიძლება ვინმემ რომან ბოკერიას მონოპოლისტური მიდრეკილების გამოხატულებად მონათლოს, მაგრამ ეს ასე არ არის. მე განვითარებული ქვეყნების ავიაციაში მოქმედ ზოგად წესებსა და ტენდენციებზე ვსაუბრობ. რაც შეეხება საქართველოში არსებულ რეალობას, აქ რამე სახის მონოპოლიაზე საუბარი, უბრალოდ, გამორიცხულია. ყველა იმ მიმართულებებზე, სადაც  Georgian Airways-ი დაფრინავს, დაფრინავენენ უცხოური ავიაკომპანიებიც, ჩვენდა საუბედუროდ, არაპრიორიტეტულ რეჟიმში. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ავიაბაზრის 85%-ი უცხოურ კომპანიებს აქვთ დაკავებული, რომელ მონოპოლისტობაზეა საუბარი?! ცნობისათვის: ამ უცხოურ კომპანიებს საქართველოდან, ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარი გააქვთ, რაც, ერთი მხრივ, უარყოფითად აისახება ლარის კურსზე, მეორე მხრივ კი, მთლიანად ქართულ ეკონომიკაზე. საქართველოს ავიაბაზრის 50%-ი მაინც, როგორც ეს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული, ნაციონალურ გადამზიდველს რომ ჰქონდეს დაკავებული, იმ 1,5 მილიარდი დოლარის ნახევარზე მეტი საქართველოში დარჩებოდა, რაც ქართული ეკონომიკის გაძლიერების სერიოზულ წყაროდ იქცეოდა.

რომ არა ათეულობით უპერსპექტივო ავიაკომპანიის შექმნისა და შემდგომ მათი გარდაუვალი გაკოტრების მავნე პრაქტიკა, რაც, ზოგადად, ავიაციის განვითარებისთვის უაღრესად ხელისშემშლელი ფაქტორია,  Georgian Airways-ი დღეს გაცილებით მძლავრი და წარმატებული ავიაკომპანია იქნებოდა.
უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს პატარა ავიაკომპანიები, თავიანთი მწირი შესაძლებლობებით, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფენ ფრენის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

ბოლო ოცდაშვიდწლიან უმძიმეს პერიოდში  Georgian Airways-ი ერთადერთი გარანტორი იყო იმისა, რომ საქართველოს ოდესღაც ღირსეული ავიაცია გადარჩენილიყო. ყველა პროფესიონალი ავიატორი, გინდა მტერი და გინდა მოყვარე, ვისთანაც ამ საკითხებზე მისაუბრია, ერთხმად აღიარებს: რომ არა  Georgian Airways-ი, დღეს საქართველოს საფრენოსნო ავიაცია საერთოდ არ ეყოლებოდა.  Georgian Airways-მა არამარტო გადაარჩინა და შეინარჩუნა ძველი, გამოცდილი კადრები, არამედ, პარალელურად, გამოზარდა ახალი თაობა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისა, რომლებითაც სამართლიანად ვამაყობთ, ვინაიდან ამ ოცდაშვიდი წლის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა არავინ, ვინც ამის გაკეთებას შეძლებდა. საქართველოში დღეს არ არსებობს საავიაციო სტრუქტურა, სადაც ეს კადრები არ იყვნენ დაკავებული. ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერავინ უარყოფს.

როდესაც Myway Airlines-ის წარმომადგენლები ჩემი განცხადების უტიფრობაზე საუბარს კადრულობენ, ნუთუ, სიმწრისა და სირცხვილის ცივი ოფლი არ ასხამთ შუბლზე?! ისინი მოგვიწოდებენ, რომ საყოველთაო დისკუსია გავხსნათ ავიაციის თემაზე. ნეტავ, რა უნდა შემოგვთავაზონ, ის ხომ არა, რომ პატარა საქართველოში ათობით ავიაკომპანიამ იარსებოს, რომელთაგან ზოგს თვითმფრინავის ფრთები, ზოგს ძრავი, ზოგს კიდევ ბორბლები ექნება და, ამგვარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით “აღჭურვილნი”, კონკურენციას გაუწევენ Aeroflot-ს, Lufthansa-ს, British Airways-ს, Air France-ს, Turkish Airline-ს და სხვა გიგანტებს, რომელთა პარკი, თითოეული, ხუთასზე მეტ თვითმფრინავს ითვლის.

Georgian Airways-ი საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის ამ ძნელბედობის ჟამს მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ თანამემამულეებს, ვისთვისაც საავიაციო მომსახურება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა, დახმარების ხელი გაუწოდოს. ავიაკომპანია Myway Airlines-ის მესვეურებს კი ამ ვითარებაში ჩვენი მოცდენა და ჭეშმარიტად საქვეყნო საქმის კეთებაში ხელის შეშლა განუზრახავთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხალხის გაჭირვებით ისარგებლონ და, როგორც ნათქვამია, ჭირის დროს ნადიმი გააჩაღონ.

ძვირფასო თანამემამულენო, სიმართლე ესაა. ერთ საკითხზე ორი სიმართლე არ არსებობს, სიმართლე ყოველთვის ერთია”, წერს სოციალურ ქსელში რომან ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიებს შორის ბრალდებების კასკადი აღნიშნული სატელევიზიო ინფორმაციის შემდეგ დაიწყო.