ავიაკომპანია Georgian Airways-ი ყოველ შესრულებულ ევროპულ რეისზე იღებს 20-30 ათასი დოლარის ოდენობის ზარალს. დღეისათვის ავიაკომპანია Georgian Airways-მა უკვე იზარალა 250 ათას დოლარზე მეტი, აცხადებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია, რომელიც “მთავარი არის” მიერ მომზადებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ავიაკომპანია Myway Airlines-ის მენეჯმენტი Georgian Airways-ის პრივილეგიებზე საუბრობს.
“სიუჟეტში საქართველოს მთავრობა და ავიაკომპანია Georgian Airways-ი, არც მეტი, არც ნაკლები, კორუფციულ გარიგებაში დაგვადანაშაულეს, რაც არამარტო სიცრუე, არამედ წარმოუდგენელი უსინდისობაცაა”, ამბობს ბოკერია.
“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ტელეკომპანია „მთავარის“ 15 აპრილის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ერთ სიუჟეტს, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ავიაკომპანია Georgian Airways-ის ურთიერთობას ეხებოდა. სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-ი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ხოლო ავიაკომპანია Myway Airlines-ის საქმიანობა ხელოვნურად შეფერხებულია (ცნობისთვის: Myway Airlines-ის დამფუძნებლები გავლენიანი ჩინელი ბიზნესმენები არიან), რაც მტკნარი სიცრუეა.
სიუჟეტში საქართველოს მთავრობა და ავიაკომპანია Georgian Airways-ი, არც მეტი, არც ნაკლები, კორუფციულ გარიგებაში დაგვადანაშაულეს, რაც არამარტო სიცრუე, არამედ წარმოუდგენელი უსინდისობაცაა.
Georgian Airways-მა პანდემიის გამო 21 მარტიდან შეწყვიტა რეგულარული ფრენები და დღეისათვის მთავრობასთან შეთანხმებით მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებს უცხოეთში დარჩენილი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად. რეისები, ძირითადად, იმ მიმართლებებზე სრულდება, რომლებზეც ჩვენი კომპანია რეგულარულ ფრენებს ახორციელებდა.
ასობით ჩვენს თანამემამულეს რეისებზე ბილეთები წინასწარ ჰქონდა შეძენილი და რეგულარული ფრენების შეჩერების შემდეგ მომსახურების გარეშე დარჩა.
რომელ კორუფციაზე შეიძლება საუბარი იმ დროს, როდესაც ეს რეისები სრულდება ცალმხრივი დატვირთვით. თბილისიდან, პრაქტიკულად, ცარიელი თვითმფრინავი მიფრინავს, რომელიც მხოლოდ ადგილზე ივსება. თანაც, ბილეთები იყიდება, სახელმწიფოს მიერ დადგენილ, – 199 ევროდ.
ავიაკომპანია Georgian Airways-ი ყოველ შესრულებულ ევროპულ რეისზე იღებს 20-30 ათასი დოლარის ოდენობის ზარალს. დღეისათვის ავიაკომპანია Georgian Airways-მა უკვე იზარალა 250 ათას დოლარზე მეტი.
Georgian Airways-სს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება არ მიუღია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპანია, როგორც ყოველთვის, არსებობის ოცდაშვიდი წლის მანძილზე, მხარში უდგას საკუთარ ხალხს და მთავრობას ამ მძიმე გამოწვევის დროს.
ჩვენ საქართველოს მთავრობას მივმართეთ თხოვნით, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამუშავდება ბიზნესისთვის დახმარების პროგრამა, გაითვალისწინოს Georgian Airways-ის უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა. ეს საყურადღებოა იმის გათვალისწინებითაც, რომ Georgian Airways-ი 700-ზე მეტ კვალიფიციურ კადრს უზრუნველყოფს საშვებულებო-სახელფასო ანაზღაურებით, რაც ამ პერიოდისთვის სოლიდურ თანხას შეადგენს და, პრაქტიკულად, შემოსავლების გარეშე დარჩენილ ავიაკომპანიას უმძიმეს ტვირთად აწვება.
აქვე მინდა გამოვეხმაურო საქართველოში კარგად ცნობილ იმ თაღლით ვაი-ექსპერტებს, რომლებიც სიუჟეტში მონაწილეობდნენ და მდგომარეობის ცრუ ანალიზით მოსახლეობის მოტყუებას ცდილობდნენ. ამაოა ეს თქვენი მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს თეთრი შავად მოაჩვენოთ.
თუკი ავიაკომპანია Myway Airlines-ი ასე დაინტერესებულია, რომ ქართველ ხალხს დახმარების ხელი გამოუწოდოს, მას შეეძლო ჩინეთიდან ჩამოეტანა ეპიდემიის დროს საჭირო და აუცილებელი ის აღჭურვილობა (ნიღბები, ფილტვების სავენტილაციო აპარატურა და ა.შ.) რის დეფიციტსაც საქართველო განიცდის.
იმის გარკვევაში თუ რა დონის თავხედობაა „მთავარის“ ამ სიუჟეტში ჩადებული, დაგეხმარებათ ევროკომისიის წერილი, რომლითაც EUROPIAN COMMISSION-მა 2019 წლის ივნისში მომართა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს. სადაც, ევროკომისიამ არ დააკმაყოფილა Myway Airlines-ის განცხადება საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ Myway Airlines-მა ვერ დააკმაყოფილა ევროკავშირის მოთხოვნები და საქართველოს სახელით მის მიერ ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას.
ევროკავშირი ასკვნის: ჩვენ ვიზიარებთ გერმანიის ავიაციის სამსახურის ოფიციალური პირების პოზიციას და Myway Airlines-ს გერმანიაში ფრენების აკრძალვის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებსაც.
Georgian Airways-ს თავისი არსებობის 27 წლის განმავლობაში Myway Airlines-ს მსგავსი ერთდღიანი ავიაკომპანია ბევრი ახსოვს საქართველოში, რომლებიც სოკოებივით აღმოცენდებოდნენ და ქრებოდნენ, მაგრამ მძიმე კვალს ტოვებდნენ სახელმწიფოსათვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზარალის სახით. მაგალითად: რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პირობად დაასახელა გაკოტრებული ქართული ავიაკომპანიების მიერ განხორციელებული ფრენების სანავიგაციო დავალიანების გადახდა, რაც, საბოლოოდ, Georgian Airways-ს დაეკისრა”, – აცხადებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი.