Georgian Airways-სთან თანამშრომლობით ავიაკომპანია Armenia რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთგადაყვანაზე იზრუნებს. Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის მიერ სომხეთში შექმნილმა ავიაკომპანია Armenia-მ რუსეთის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება უკვე მიიღო.
თამაზ გაიაშვილის განმარტებით, Armenia ერევანი-მოსკოვი-ერევანის მიმართულებაზე დღეში სამი სიხშირით იფრენს და შესაბამისად თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებაზე სიხშირეების რაოდენობა დღეში ერთის ნაცვლად 3 სიხშირემდე გაიზრდება. ბიზნესმენი ამბობს, რომ Armenia სამომავლოდ მოსკოვის გარდა ფრენების რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებითაც განახორციელებს.
შესაბამისად, Georgian Airways-იც და Armenia-ც ფრენის გრაფიკებს ისე დაალაგებენ, რომ თბილისიდან ერევანში Georgian Airways-ის ავიარეისით ჩასულ მგზავრს, Armenia-ს რეისზე (ერევანი-მოსკოვი) გადაჯდომისათვის საშუალოდ 50 წუთი ექნება.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით აკრძალვა ეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.
ამ ფონზე, Georgian Airways-მა გადაწყვეტილება მიიღო რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთგადაყვანის განხორციელებისათვის თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტული რეისები აემოქმედებინა.